"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გადახდის ქვითრის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გადახდის ქვითრის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 9-10 ივნისს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თბილისში მცხოვრები აბონენტების ნაწილმა, რომელსაც როგორც წესი, 23 ივნისამდე უწევს გადასახადის დაფარვა, მიიღო ერთიანი კომუნალური ქვითარი, რომელშიც GWP-ის გრაფა, პრაქტიკულად ცარიელია.

კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, ქვითარში არ არის ასახული წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი და აღრიცხვის კვანძის მოწყობის (გამრიცხველიანების) საფასურის ყოველთვიური პორცია.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს გარკვეული დისკომფორტისთვის და აქვე თხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ შეამოწმონ სააბონენტო ბარათზე დარიცხული გადასახადი სწრაფი გადახდის ტერმინალებში, ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით ან ბანკების ფილიალებში, იმისთვის, რომ აბონენტებმა წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა დროულად, არა უგვიანეს 23 ივნისისა მოახერხონ.