„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ასოციაციის ცნობით, მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს. კერძოდ, უნდა მოხდეს ბინის სწორად შერჩევა:
„რაციონალურად შეარჩიეთ ბინის საერთო ფართი – ნუ იყიდით უზომოდ დიდ ბინას, ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და, ასევე, ოთახების ფართის მოცულობები.
დააზუსტეთ ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივა მომავალში – გაარკვიეთ, აპირებს თუ არა კომპანია ან სხვა დეველოპერი სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას. დარწმუნდით, რომ სამომავლო მშენებლობები არ გამოიწვევს თქვენი ბინიდან ხედის დაკარგვას.
სწორად შეაფასეთ ბინის ბუნებრივი განათების, განიავების, გათბობის შესაძლებლობები.
გაარკვიეთ, გათვალისწინებულია თუ არა წინასწარ, პროექტით, კონდიციონერისა და გათბობის ქვაბის ადგილი. თუ – კი, ეს ნიშნავს, რომ სახლის იერსახე დროთა განმავლობაში არ დამახინჯდება.
მენაშენეთა პირველი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევის საკითხებს ეხებოდა“ , - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას.
„მენაშენეთა ასოციაციის“ ცნობით, ისინი მენაშენეთა რეკომენდაციებს საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.