მსოფლიო ისევ სავაჭრო ომის მოლოდინში

ამ კვირაში ბაზრების ყურადღება ისევ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, ასევე ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობათა განვითარებისკენ იქნება მიპყრობილი.გარდა ამისა, ახალი ძალით იჩინა თავი ირანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რომელსაც აშშ-ის და ირანის მხრიდან ურთიერთმუქარა მოჰყვა.

სავაჭრო ომის საშიშროება უკვე რამდენიმე თვეა, ინვესტორებს მოსვენებას არ აძლევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში, მსოფლიოს მშპ-ს საგრძნობლად შემცირება ელის, რაც ახალ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. შექმნილ სიტუაციაში, ინვესტორები და ანალიტიკოსები, მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამოქმედო გეგმები მზად ჰქონდეთ.

პარასკევს შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მზად აქვს 500 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური იმპორტის სია, რომლებზეც ტარიფების გაზრდას გეგმავს. როგორც ჩანს, ტრამპს ამ სიაში შეტანილ პროფუქციაზეც მოუწევს ახალი ტარიფების დაწესება, რადგან ჩინეთი დათმობას არ აპირებს.

ტრამპის მთავარ მოთხოვნებს შორის ისევ რჩება უცხოური კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე შეღწევის პროცესის გამარტივება და ჩინეთთან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის (375 მილიარდი დოლარი) მნიშვნელოვნად შემცირება.

სავაჭრო ომის პირველი ნაბიჯი გახდა ვაშინგტონის მიერ 34 მილიარდი დოლარის ჯამური ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების აწევა. გარდა ამისა, მეორე სიაში ამერიკას უკვე 200 მილიარდის ღირებულების ჩინური პროდუქცია აქვს შეტანილი. ჩინეთი იქადნის, რომ ამავე ჯამური ფასის ამერიკული პროდუქციის სიას ამზადებს. სწორედ ამ შემთხვევისთვის აქვს მომზადებული ამერიკას მესამე სია, რომელში შეტანილი პროდუქციის ჯამური ფასიც 500 მილიარდი დოლარია.

მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა - ჩინური იუანი. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შეფი სტივენ მნუჩინი ამბობს, რომ იუანის დასუსტება იმის ეჭვს იწვევს, რომ ეს ხელოვნურად ხდება, რათა ჩინურ ექსპორტს მიეცეს ბიძგი.

ცნობისათვის, პირველი კვარტლის შემდეგ, ჩინური იუანი დოლართან წყვილში 7.5 პროცენტით გაუფასურდა. ამან გააჩინა იმის ეჭვი, რომ იუანის გაუფასურებით, ჩინური პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას იწვევს და ამით, ჩინეთის მთავრობა ახალი ამერიკული ტარიფების განეიტრალებას ცდილობს.

ჩინეთის გარდა, ამერიკას ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები მოკავშირე ევროპასთანაც აქვს. მათ მოსაგვარებლად, ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ვაშინგტონს მიემგზავრება, სადაც ტრამპს შეხვდება. ამერიკამ უკვე გაზარდა ტარიფები ევროპიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე. ასევე იგივე ზომების მიღებას ევროპული ავტომობილებისთვისაც აპირებს.

ტრამპის ეკონომიკური საკითხების მრჩეველი ლარი კუდლოუ ამბობს, რომ მისი აზრით, იუნკერს ვაშინგტონში მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთავაზება მიაქვს. მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ შეხვედრისგან ბევრს არაფერს ელიან.

ამერიკაში გაგრძელდბა S&P500-ის კომპანიების მიერ, მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნება. ამჯერად ინფორმაციებს „გუგლი“, „ფეისბუქი“, ამაზონი და სხვა გიგანტები გამოაქვეყნებენ.

ამერიკაშივე გამოქვეყნდება ქვეყნის მშპ-ს მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემები. პროგნოზის შესაბამისად, შეერთებული შტატების ეკონომიკა, წლიური დაანგარიშებით, 4.1 პროცენტით უნდა იყოს გაზრდილი (2014 წლის მესამე კვარტლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია). გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდა, პირველ კვარტალთან შედარებით, გაორმაგებული უნდა იყოს.

დაბოლოს, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს. ბანკის სხდომის შედეგები ხუთშაბათს გამოქვეყნდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი. ინვესტორები და ანალიტიკოსები ყველაზე მეტად, სწორედ დრაგის გამოსვლას ელიან, რადგან ის ბანკის სამომავლო გეგმებს შეეხება.