რა ფუნქცია აქვთ TIR პარკებს და როგორ რეგულირდება მათი საქმიანობა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსგან ე.წ. TIR პარკების მოწყობის თაობაზე დოკუმენტაცია გამოითხოვა.

შემოსავლების სამსახური გვაფრთხილებს!

შემოსავლების სამსახური ყველა საერთაშორისო გადამზიდავს მოუწოდებს, რომ საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს ე.წ. TIR პარკებში.

bpn

ავტოსადგომებიდან მანქანების გაშვება ხდება შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით. როგორც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ავტომობილებს, რომლებსაც არ ექნებათ გავლილი რეგისტრაცია აღნიშნულ სისტემაში ან თვითნებურად (რიგის დარღვევით) დატოვებს ავტოსადგომს, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ინფორმაცია ავტოსადგომებზე რიგების მდგომარეობის შესახებ ყველასთვის ხელმისავწდომია. მაგალითად, აქ შესაძლებელია ნახოთ რამდენი ასეთი TIR პარკია მაგალითად წითელ ხიდზე. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი მძღოლმა ნახოს და თვალი ადევნოს რამდენი თავისუფალი ადგილია ავტოსადგომის პარკინგზე, რამდენი მანქანა ელოდება გამოძახებას საბაჟოზე, რამდენ ხანში მოუწევს რიგი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასაზღვრო პუნქტთან იქმნებოდეს კონკურენცია TIR პარკებს შორის, მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებულ კომპანიას შეუძლია ნებისმიერი ფასი დაადოს სხვადასხვა სერვისებს, რომლებსაც ავტოსადგომებზე მძღოლებს სთავაზობენ. ცნობისთვის, აღნიშნული TIR პარკების რეგულირება ხდება მთავრობის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს მიღებული ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2014 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს TIR პარკები?

როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული ავტოსადგომი, უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე და ჩართული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნული ავტოსადგომები ანგარიშვალდებულნი არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წინაშე, რომელსაც უნდა წარუდგინონ დოკუმენტი თუ რამდენად ამაყოფილებს ავტოსადგომები რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს. რაც შეეხება პარამეტრებს, რეგლამენტის თანახმად, სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებულ ავტოსადგომებს უნდა გააჩნდეს: ავტოსადგომის შესასვლელში სადგომზე არსებული სერვისის მანიშნებელი; ტერიტორიაზე და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შესვლა-გამოსვლის რიგის მარეგულირებელი სისტემა; ბეტონის ან/და ასფალტის საფარი; გარემოსდაცვითი საშუალებები; შესაბამისად მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილები; დასათვალიერებელი ორმო/ორმოები’; შეღობილი და დაცული ტერიტორია. ამასთან, ავტოსადგომზე დაცული უნდა იქნეს: ჰიგიენური და სანიტარიული ნორმები; სახანძრო უსაფრთხოების და ტერიტორიის განათების ნორმები. ასევე დადგენილებაშია გაწერილი, ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისთვის ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი საფასურის დღიური განაკვეთი, რომელიც 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

bpn

მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირი აუდიტისგან აიღებს ცნობას, რომ TIR პარკი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის პირობებს, ეკონომიკის სამინისტრო უგზავნის წერილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომ მოხდეს მისი ჩართვა რიგის მართვის სისტემაში. რიგის მართვის სისტემის ოპერირებას ახორცილებს შემოსავლების სამსახური. ასე რომ, TIR პარკები აუცილებელია იმისთვის, რომ დიდი ზომის სატვირთო ავტომობილებს საბაჟო-გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთის შესაძლებლობა ჰქონდეთ და გზებზე, ან გზისპირებზე არ შეიქმნას ტრაილერების უწესრიგო რიგები, რასაც მოწესრიგებული რიგის სისტემა უზრუნველყოფს. ვის-ვის და სატვირთო ავტომობილების მძღოლებს კარგად ახსოვთ, რა ხდებოდა 2013 წლამდე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა და ამ ბიზნესს კეზერაშვილი და მასთან დაახლოებული პირები კურირებდნენ. ავტომობილების საბაჟოზე გატარება იმის მიხედვით ხდებოდა, თუ ვინ გამონახავდა ნაცნობს ან ქრთამს გადაიხდიდა. ფაქტობრივად, შავი სალარო იყო და ეს ფული სახელმწიფოს გვერდის ავლით ერთი ბიზნესჯგუფის ჯიბეში მიდიოდა. ახლა კი მძღოლის მიერ გადახდილი მოსაკრებლიდან გარკვეული ნაწილი ბიუჯეტში გადასახადების სახით შედის. გარდა ამისა, რადგან ეს სფერო მოუწესრიგებელი იყო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, საზღვართან, სადაც სატვირთო ავტომობილები ჩერდებოდნენ ანტისანიტარია იყო შექმნილი, რაც ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნიდა.

bpn

აქვე აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის სახით იძლევა რეკომენდაციას, რომ სასაზღვრო პუნქტზე არის რიგები, ავტომობილებს პრობლემა ექმნებათ საზღვარზე და აუცილებელია ერთიან სისტემაში სატვირთო ავტომობილების მოქცევა. შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე TIR პარკის მოწყობას სამი სამინისტროს ლეგიტიმაცია აქვს.

ვინ ფლობს TIR პარკებს?

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში ჯამში 10 ე.წ. TIR პარკია. სარფის მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო მანქანა გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე 3 TIR პარკიდან ერთ-ერთზე, "ფიგოილი"-ს, "ლიგა"-ს ან "ავტოპარკი 2015"-ს ავტოსადგომზე. შპს „ფიგოილის“ 50%-ს საჯარო რეესტრის 2016 წლის დეკემბრის ამონაწერით ფლობს გიორგი ჭყონია, 50% კი „პროფერთი გრუპ“-ს ეკუთვნის, რომლის 50%-50%-იან წილებს ფლობენ, დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობიძე.

საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანები უნდა განთავსდეს მარნეულის რაიონში არსებულ 4 ავტოსადგომზე: "ნიუ ვეი", "მარნეული 2014", "მწვანე", "წითელი ხიდი". რაც შეეხება „ტირ პარკ მარნეული 2014“-ს - 2018 წლის ივნისის ამონაწერის თანახმად, კომპანიის 50%-ს ვალეხ ნასიბოვი; 16.5%-იან წილს - მიხეილ მახათაძე და 33.5% -ს შპს „გლობალ ტრანსი“ ფლობს. თავის მხრივ „გლობალ ტრანსი“ 2018 წლის მაისშია რეგისტრირებული და მისი მფლობელები გიორგი ვაშაძე და გელა ხიზანიშვილი არიან, რომლებიც კომპანიის 50%-50%-იან წილებს ფლობენ. 

bpn

„წითელი ხიდი“ - 2018 წლის 25 იანვრის ამონაწერის თანახმად, 12% -ს რევაზ ანთია; 24.5% -ს მიხეილ მეგრელიშვილი; 12.5% - თენგიზ ანთია და 51%-ს ზაგიტ გუსეინოვი (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) ფლობენ. 

საბაჟო გამშვები პუნქტი "ლაგოდეხი"-ს მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილი უნდა განთავსდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში არსებულ ავტოსადგომებზე - "ნიუ-ჯორჯია" ან "მაი ვეი". „მაი ვეის“ 50-50%-იან წილებს გივი გოგობერიშვილი და თემურ ტაბატაძე ფლობენ. რაც შეეხება „ნიუ ჯორჯიას“, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული ბოლო ამონაწერით, კომპანიის 30% მურადი ჯალაბაძეს; 40% - გიორგი თევდორაშვილსა და 30% - მინდია საბანაძეს ეკუთვნის.

bpn

საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანები უნდა განთავსდეს ერთადერთ (!), სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში არსებულ ავტოსადგომზე "მერფი ყაზბეგი". 2018 წლის ივნისის ამონაწერით კომპანიის 33%-ს ელიზბარ ოქრუაშვილი; 32%-იან წილს - ალიევ ტაჰირ ნადირ ოღლუ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე), ხოლო 35%-ს დამიროვ ელიარ აგაბალა ოღლუ (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) ფლობენ. 

უცნაურია, რომ TIR პარკის მფლობელი ოთხი კომპანიის („ლიგა","ავტოპარკი 2015", "ნიუ ვეი" და "მწვანე") შესახებ ინფორმაციის მოძიება ამ დრომდე ვერ შევძელით. სამეწარმეო რეესტრში ამ სახელწოდებით კომპანიები არ იძებნება, ხოლო შესაბამისი უწყებები კომპანიების საიდენტიფიკაციო კოდის და სხვა დეტალური ინფორმაციის მოწოდებისთვის ოფიციალურ მიმართვას ითხოვენ. ჩვენ ამ მიმართულებით მოკვლევას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, ამ თემის გარშემო კიდევ ბევრ საინტერესო გარემოებას შემოგთავაზებთ.