კახეთს ატმის კრიზისი უახლოვდება

შარშან ამ დროს ფასი უფრო მაღალი იყო, არადა, ერთი წლის წინ კახელი გლეხების უმრავლესობამ იზარალა...

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, კახეთში საადრეო ატმის საბითუმო ფასი 80 თეთრამდე ჩამოვიდა, არადა, სეზონი ჯერ არც დაწყებულა. შარშან ამ დროს უფრო მაღალი ფასი იყო, არადა, 1 წლის წინათ გლეხები სერიოზულად დაზარალდნენ. ქართულ ხილს ყველა მიმართულებით გზა ჩაკეტილი აქვს. ატმისთვის რუსეთის ბაზარი არ გახსნილა, აზერბაიჯანელები კი სპეციალურად ზაფხულში საბაჟო ”სტავკებს” ზრდიან.

”ატმის მოსავალი წელსაც კარგი იქნება. ამინდიც ხელს უწყობს. რეალიზაციასთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაურკვეველია. თუ რუსეთის ბაზარი დროულად არ გაიხსნა, ალბათ, შარშანდლის მსგავსად, ზარალზე წავალთ. შარშან დიდ ფერმერებს მოგება, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ, პატარები ზარალზე წავიდნენ, ხარჯებიც კი ვერ დაფარეს”,- ამბობენ კახელი გლეხები.

ფერმერი გიორგი ნატროშვილი ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე დიდი იმედი რუსეთის ბაზარია და ყველა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ”როსსელხოზნადზორი”.

”ატმის მოსავალი წელსაც კარგი იქნება. ამინდიც ხელს უწყობს. რეალიზაციასთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაურკვეველია. რუსეთის დელეგაცია რომ ჩამოვა ეს საკითხი, ალბათ, მაშინ გაირკვევა. თუ რუსეთის ბაზარი დროულად არ გაიხსნა, ალბათ, შარშანდლის მსგავსად ზარალზე წავალთ”, -ამბობს ნატროშვილი.

როგორც ნატროშვილი განმარტავს, ატმის სეზონზე ყველაზე მეტად აზერბაიჯანელები აქტიურობენ, თუმცა შარშან იქაურ საბაჟოზე პრობლემა შეიქმნა. მიზეზი იყო ის, რომ აზერბაიჯანში კორუფციის მასშტაბები ისევ მაღალია და გადამზიდავების განცხადებით, საბაჟოზე ატმის გატანისას "სტავკა" აწიეს.

ფერმერები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის საბაჟოზე მსგავსი პრობლემა 4 წლის წინათაც იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართა და გადამზიდავებს საბაჟოზე პრობლემები შარშანდლამდე აღარ შექმნიათ.

გურჯაანელები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში ჩუმლაყში ატმის ჩამბარებელი საწარმო უნდა გაიხსნას, თუმცა მისი წარმადობა დიდი არ იქნება და იგი პრობლემას მინიმუმითაც ვერ შეამცირებს.

”გამოსავალი არის ატმის ექსპორტი. რუსეთის ბაზარი რომ გაიხსნას, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს გადაზიდვის საკითხი. როგორც ვიცი, იგეგმება ატმის ჩამბარებელი პუნქტების გახსნაც. ამ კუთხითაც გარკვეული ორგანიზებაა საჭირო”, - ამბობს გიორგი ნატროშვილი.

კერძოდ, მსხვილი ფერმერებისთვის შემგროვებელ პუნქტში ატმის ჩაბარება დამატებითი ხარჯი იქნება. ამიტომ, ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ, შეიქმნას შტაბი, სადაც გადამზიდავებისთვის დატოვებენ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ფერმერი კონკრეტულ დროს დაკრეფს გარკვეული რაოდენობის ატამს. შტაბი კი ფერმერს გადამზიდავს თავად ბაღში გაუგზავნის.

”პატარა ფერმერებისთვის ატმის შემგროვებელ პუნქტამდე მიტანა მარტივია, მაგრამ მსხვილი ფერმერებისთვის ეს საკმაოდ რთულია და დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული. კარგი იქნება, თუკი შედგება სია, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ფერმერი ატამს როდის დაკრეფს. შესაძლებელია, ჩვენთან გადამზიდავის აგენტიც მოვიდეს და თავად დაესწროს ატმის დახარისხებისა და ყუთებში ჩალაგების პროცესს. ძალიან დიდი თხოვნა გვექნება ხელისუფლებასთან, რომ ატმის სეზონს ორგანიზება გაუკეთოს, რათა შარშანდელის მსგავსად, ისევ პრობლემები არ შეგვექმნას”, - ამბობს გიორგი ნატროშივლი.

ასე რომ, ორ კვირაში ატმის აქტიური კრეფა დაიწყება, ხელისუფლებამ კი ამ მოკლე პერიოდში ფერმერებს უამრავი პრობლემა უნდა მოუგვაროს.

წყარო : გაზეთი ”რეზონანსი”