2018-2019 წლებში თბილისის მეტროს 14 ახალი შემადგენლობა დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, რომ მოცდის დრო შემცირდეს და მგზავრობა კომფორტული იყოს.
„გვინდა, რომ 2018-2019 წლებში კიდევ 14 ახალი შემადგენლობა დავამატოთ მეტროს, რომ მოცდის დრო შევამციროთ და უფრო კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებაზეც.
„მინდა გავაჟღერო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. მინდა გითხრათ, რომ 2018-2019 წლებში ყვითელი, არსებული ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით და ძალიან დიდი მადლობა პრემიერს ამაში მხარდაჭერისთვის, რადგან ძალიან დიდ რესურსთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. თქვენ ხედავთ, აქ არის წარმოდგენილი ორი ავტობუსი, ერთი ყვითელი, რომლის რაოდენობა ჭარბობს დღეს ავტობუსების პარკში, თუმცა გარწმუნებთ, რომ 2019 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები და მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები. ეს არის წარსული და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, რომ რეალურად შევცვალოთ არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.