საქართველომ ბელორუსისგან სამაშველო ვერტმფრენი და უცხოელი მფრინავი დაიქირავა

საქართველოში დღეს ბელორუსიდან მულტიფუნქციური ვერტმფრენი „მი 8“ შემოდის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ მიზნით პირველ ეტაპზე 891 800 ლარი გამოიყო.ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე, ბელორუსულ კომპანიასთან სამთვიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და თუკი ამ ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა დადგება, შესაძლოა, ვერტმფრენი საქართველოში ოქტომბრის შემდგომაც დარჩეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენთან ერთად იქირავეს უცხოელი მფრინავი.

„დღეს ჩამოფრინდება ვერტმფრენი საქართველოში, რომელიც იქირავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში, როდესაც სამსახურს არ ჰყავს ვერტმფრენი და ქირაობს. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გამოგვეყო შესაბამისი თანხა. პირველ ეტაპზე, გამოყოფილია 891 800 ლარი იმისთვის, რომ მოხდეს სამაშველო ვერტმფრენის მომსახურება. შესაბამისად, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უკვე დღეს შემოდის ბელორუსული კომპანიიდან ვერტმფრენი „მი 8“. ეს ვერტფმფრენი არის მულტიფუნქციური და მას ექნება საშუალება, რომ გამოვიყენოთ როგორც ხანძრების შემთხვევაში, ასევე სამაშველო ოპერაციების დროს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების განმარტებით, ვერტმფრენის ლოკაცია თბილისი იქნება.

„ეს ვერტმფრენი პირველ ოქტომბრამდე დარჩება საქართველოში. ვერტმფრენთან ერთად, ჩვენ ვქირაობთ პილოტსაც. მისი განთავსების ადგილი იქნება თბილისი, თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელ ლოკაციაზე. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში იქნება. თუ ისე მოხდება, რომ ხანძრების მაღალი ალბათობა არსებობს, ან არსებობს ვერტმფრენის ბევრ ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა, პირველი ოქტომბრის შემდეგაც, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მოქნილი ხელშეკრულება იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება გავაგრძელოთ და იმაზე მეტ ხანს დარჩეს საქართველოში, ვიდრე ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს სამთვიანი ხელშეკრულება გაფორმებული პირველ ეტაპზე“, - განმარტეს უწყებაში.