დედაქალაქის მერია მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის კვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობას იწყებს.ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული გზაგამტარი არსებითად განტვირთავს მოძრაობას ვაშლიჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიდ დიღომს შორის.
"წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ქალაქში ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და დღეს მინდა მოგახსენით ერთ კონკრეტულ პროექტზე. ეს არის მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზაგამტარი არსებითად განტვირთავს მოძრაობას ვაშლიჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიდ დიღომს შორის. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით პიკის საათებში ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და მონაკვეთზე გადაადგილება და ამ პროექტის განხორციელებით სრულად განიტვირთება ეს მონაკვეთი. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება დაახლოებით 6 თვე და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება",- განაცხადა კალაძემ.