2019 წლიდან უნდა გადავიდეთ ნარჩენების ადგილზე სეპარირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, სახლში მოგვიწევს ნარჩენების დახარისხება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, კომპანიები, რომლებიც პოლიეთილენს და შუშას აწარმოებს, თავიანთი ნარჩენის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის მიწოდების ვალდებულება ექნებათ.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე მუშაობა. არ არის პანაცია ის, რომ თბილისში ნარჩენები ერთმა კომპანიამ გადაამუშაოს. სამწუხაროდ, ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან, დაწუნებულია საქართველოს მთავრობის მიერ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებისა და სეპარირების ვალდებულების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებთან. შესაბამისად, ვერ მოხდა კომპანიასთან შეჯერება ამ მიმართულებით.
სისტემა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვქმნით მთლიანად ევროპულ სტანდარტზე იქნება მორგებული და დაფუძნებული ადგილზე სეპარირების სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში თბილისელებიც უნდა ჩაერთონ და ეტაპობრივად, სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გადავიდეთ ნარჩენის ქუჩებში და სახლებში სეპარირებაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ წარმოგვექმნება ნარჩენის რამდენიმე სახეობა, ეს იქნება შერეული ნარჩენი, პოლიეთილენის და პლასტმასის ნარჩენი, შუშის ნარჩენი და ე.წ. თუნუქის ნარჩენი, რომლებიც ცალ-ცალკე გადამუშავებას ექვემდებარებიან და ნებისმიერი მსურველი, რომელსაც სურვილი ექნება, როგორც მცირე, ასევე დიდი ბიზნესის შემთხვევაში, აწარმოოს ნარჩენების გადამუშავება და პროდუქტად აღდგენა, სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს, რაც არ იყო სამწუხაროდ, გათვალისწინებული იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც კომპანიას 25 წლის ვადით უნდა განეხორციელებინა მთელი თბილისის მასშტაბით ნარჩენების გადამუშავება ისე, რომ სეპარირების ვალდებულება სახელმწიფოს რჩებოდა. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენს, შეფუთვას, ამზადებენ შუშის ბოთლებს და ა.შ. მათ უჩნდებათ ვალდებულება შეაგროვონ ეს ყველაფერი და ნარჩენების გადამამუშავებლებს მიაწოდონ“, - განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი და სეპარირების სისტემა, 2019 წლიდან, თბილისს მიიყვანს ნოლი ნარჩენების წარმოქმნის პოლიტიკის განხორციელებისკენ.
„საართლებრივი საგადასახადო პოლიტიკის გამოყენებით და მოქალაქეების ჩართულობით, ჩვენ 2019 წლიდან, უნდა გადავიდეთ ნარჩენების ადგილზე სეპარირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, სახლში მოგვიწევს ნარჩენების დახარისხება“, - განაცხადა ბითაძემ.