დედაქალაქის ისეთ ადგილებში, სადაც საპარკინგე ადგილებზე მაღალია მოთხოვნაა, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა, დანარჩენ ადგილებზე, პარკირების არსებული სისტემა დარჩება, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ხმალაძემ განმარტა, საპილოტე პროექტი, თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში, მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება.
"ამ პროექტზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სად უფრო მარტივი და ეფექტური იქნება პარკირების სისტემის ამოქმედება. პარკირების მოდელი საკმაოდ მარტივი და ეფექტურია მომხმარებლების მხრივ, მაგრამ ის ემსახურება საპარკინგე ადგილებზე, კრიტიკულ მონაკვეთებში მოხმარების შემცირებას და მოთხოვნის ზრდას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი. 2018-2019 წლებში დაახლოებით, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ავტობუსების ჩანაცვლების მიმართულებით. 2019 წლის ბოლოს თბილისში აღარ ივლის არც ერთი „ბოგდანის“ ტიპის ყვითელი ავტობუსი",- განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, როგორც ხმალაძემ განმარტა, "ეს გულისხმობს პარკირების საფასურის შემოღებას საათობრივ საწყისებზე, ანუ საათის მიხედვით განისაზღვრება პარკირების საფასური".
"ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა. დანარჩენ ადგილებზე, დარჩება იგივე სისტემა, რაც დღეს არის",- განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ წლიური 50-ლარიანი საფასურის გარდა, შემოვა პარკირების საათობრივი საფასური.
"ეს არის დამატებითი მასტიმულირებელი საშუალება, რომ შემცირდეს კერძო ტრანსპორტის მოხმარება და გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. ამ ღონისძიების შედეგად შემცირდება ჰაერის დაბინძურება და საცობების რაოდენობა",- განაცხადა ხმალაძემ.