თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე „ვირტუალური მუზეუმი“ აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბილეთის ფასი 7-დან 10 ლარამდე იქნება და ვიზიტორებს მულტიმედიური სათვალით პირველ ეტაპზე 10 ძეგლისა და მათი რეაბილიტაციის პროცესის დათვალიერება შეეძლებათ.
ამასთან, ვირტუალური მუზეუმი (virtual museum) გათვლილი იქნება, როგორც ტურისტებზე, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე.
„პროექტი უკვე დასრულების ნაწილშია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ აპარატურის შერჩევაზე, რომელიც მუზეუმისთვის დაგვჭირდება. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისისთვის გაიხსნება. უკვე მოხდა ვარძიის სრული სკანირება, რათა ტური გაკეთდეს ვარძიაში, ისევე როგორც სხვა ისტორიულ ობიექტებში. წელს მაქსმუმ 10 ძეგლი იქნება, შემდეგ კიდევ დაემატება. როდესაც დამთვალიერებელი შევა, მას შეეძლება ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების სრულფასოვანი დათვალიერება“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
მისი თქმით, 10 ძეგლში მოხვდა: მუცო, უფლისციხე, ვარძია, ენგურჰესი და ასევე გერგეტის სამება.
რაც შეეხება მენეჯმენტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორამციით, შესაძლოა, პირველ ეტაპზე მუზეუმის მენეჯმენტი თავად სააგენტომ განახორციელოს, შემდეგ კი შერჩეულ ორგანიზიას გადააბაროს.
„მენეჯმეტზე ჯერ ვმუშაობთ. განვიხილავთ, რომელი ჯობია, ვინ იქნება პარტნიორი და ა.შ. მომსახურება უნდა იყოს ძალიან მაღალი კლასის, აქედან გამომდინარე, რამდენიმე ორგანზიაცასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. შესაძლებელია, პირველ ეტაპზე თვითონ სააგენტომ განახორციელოს მუზეუმის მენეჯმენტი. ამიტომ, ამაზე ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი აცხადებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა სამუშაოებს სააგენტო საკუთარი შემოსავლებით ახორციელებს.
„საინვესტიციო ნაწილი პროექტის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. ეს ძალიან დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებლი და სააგენტო საკუთარ შემოსავლებიდან ახორციელებს. ანუ საბიუჯეტო სახსრები არ მოხმარდება. ამასთან, მუზეუმში გაიყიდება ბილეთები, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 7დან 10 ლარამდე იქნება“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.