"კინტრიშაჰესის" მშენებლობა იწყება

მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 80-დან 100 ადამიანი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათში, მდინარე კინტრიშაზე "კინტრიშაჰესის" მშენებლობის დაწყების ცერემონიალს ესწრება.

პროექტს შპს "ჰიდროდეველოპმენტკომპანი" ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, "კინტრიშაჰესის" სიმძლავრე 6 მგ/ვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მლნ. კვტ/სთ იქნება.

ჰესის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ევროს აჭარბებს.

”კინტრიშაჰესი” შედგება სამი ძირითადი კვანძისაგან: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და ჰესის შენობა, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ევროპული ფრენსისის ტიპის ტურბინები.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, "კინტრიშაჰესი" მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის, კერძოდ სოფლების - ქობალაურის, ჭახათის და ვარჯანაულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 80-დან 100 ადამიანი. მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც ჩაუტარდებათ სათანადო ტრენინგები.