დაუბეგრავი მინიმუმის სახით ფიზიკურ პირებს 90 მილიონი ლარი დაუბრუნდათ

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით, დღეის მდგომარეობით არსებული მონაცემების საფუძველზე, 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღწევა რეალურია.

ამის შესახებ ხადურმა დღეს ღია მმართველობის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.

ხადურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 6 879 000 ლარი, რაც 605 მილიონი ლარით მეტია 2013 წელთან შედარებით, ხოლო 1 მლრდ 97 მილიონი ლარით მეტია 2012 წელთან შედარებით. გარდა ამისა, 2014 წლის იანვარ-აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 9 312 000 ლარი, რაც 739 მილიონი ლარით მეტია 2013 წელთან შედარებით. თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-მაისში საგადასახადო შემოსავლების სახით ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 2 მილიარდ 786 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 130 მილიონი ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2014 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 101%-ით შესრულდა და ნომინალურ გამოხატულებაში ფაქტობრივმა მაჩვენებელმა საპროგნოზოდ 27,9 მილიონი ლარით გადააჭარბა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა, რომ 2014 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და აპრილ-მაისში 300 000 ფიზიკურ პირს, ჯამში დაახლოებით 90 მილიონი ლარი დაუბრუნდა.