სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში, მდ. რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.