„რეზონანსი" - აფხაზეთს ტურისტული სეზონი წელსაც ჩაუვარდა

კრახით დაწყებული ტურისტული სეზონი აფხაზეთში საბოლოოდ ჩავარდა.თუ აქამდე ტურისტულ სეზონის ავ-კარგს რუსი ტურისტები განსაზღვრავდნენ, ოკუპირებულ რეგიონს უკვე მათაც შეაქციეს ზურგი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში მომსახურების დონე ვერ განვითარდა, დამსვენებლების განწყობაზე აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებამაც იმოქმედა. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსი ტურისტები უკვე იშვიათად ჩამოდიან და ისინიც კი ტერიტორიას დაგეგმილზე ადრე ტოვებენ.

როგორც ჩანს, აფხაზეთის საგზურები არც რუსული ტურისტული ორგანიზაციებისთვის არის საინტერესო. სარეკლამო კამპანიის გაწევითა და აფხაზური ტურიზმის აგიტაციით წელს ტუროპერატორებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ. აშკარაა, რომ, რაც დრო გადის, ტურისტებს აფხაზეთი ნაკლებად იზიდავს.

თუკი რამდენიმე წლის წინ დამსვენებლებს აფხაზეთში ჯერ კიდევ მოსწონდათ ველური ბუნება, უკვე სხვა მოთხოვნებია, რისთვისაც შესაბამისი სტანდარტი აფხაზეთს არ გააჩნია, ხოლო კრიმინოგენული ვითარება ტურისტულ პერსპექტივას უფრო ბუნდოვანს ხდის.

როგორც ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი განმარტავს, აფხაზეთში ტურისტის სტატუსით ჩასული ადამიანის უსაფრთხოება დაუცველია, რის გამოც დამსვენებელთა უმეტესობა იქ ჩასვლისგან თავს იკავებს, ყოველ შემთხვევაში, მეორედ ჩასვლის სურვილი უკვე არავის უჩნდება.

„დადასტურებული ინფორმაციით, აფხაზეთში ტურისტების სიმცირეს სეზონის დასაწყისშიც უჩიოდნენ. როდესაც დამსვენებლებზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება მხოლოდ რუსეთიდან ჩასული მოქალაქეები, ძირითადად, ხელმოკლე ადამიანები, რომლებისთვისაც აფხაზეთში დასვენება ხელმისაწვდომია. მართალია, ზოგმა დაისვენა იქ, მაგრამ სხვადასხვა პრობლემა შეექმნა. ამიტომ დანარჩენებსაც მოუწოდებს, არ დაისვენონ იმ ქვეყანაში, სადაც მათი უსაფრთხოება დაუცველია.

რუსების გარდა, ოკუპირებულ ზონაში სხვა ეროვნების დამსვენებლებს ნაკლებად შეხვდებით. სავარაუდოდ, სომხებს, რომლებიც ყურს არ უგდებენ ჩვენი მთავრობის გაფრთხილებას და არც საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას იცავენ. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ აფხაზეთში დასვენებას მასობრივი სახე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც არ ექნება", - ამბობს ირაკლი ცქიტიშვილი.

დე ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებნი ამბობენ, რომ აფხაზეთში არსებული ვითარების გამო საეჭვოა, დასვენების სურვილი ვინმეს გაუჩნდეს. მიუხედავად არაჩვეულებრივი ბუნებისა, ტურისტები სოხუმში დასვენებისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

ადგილობრივი ქართველების თქმით, დასვენების სურვილით გალში არავინ ჩადის, ხოლო სოხუმსა და გაგრაში ტურისტს შეიძლება, იშვიათად წააწყდეთ.

„ბოლო მესამე წელია, დამსვენებლები სოხუმს აშკარად არიდებენ თავს, მაგრამ ასეთი პასიურობა პირველადაა. შეიძლება ითქვას, რომ ტურისტებმა აქაურობას ზურგი შეაქციეს. ათ წელზე მეტია, გალში დავბრუნდი და ცენტრალურ ქალაქებშიც ხშირად დავდივარ ხან ახლობლების მოსანახულებლად, ხანაც - სავაჭროდ. ჩვენთან, გალში, დასვენების მიზნით არავინ ჩამოდის, რადგან აქაურობა ამ მხრივ ნაკლებად საინტერესოა.

ოჩამჩირეში დასვენება ხომ საერთოდაც წარმოუდგენელია! იავარქმნილ და განადგურებულ ქალაქში, სხვა რომ არაფერი, დასვენება სიცოცხლისთვის სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან იქ უსაფრთხოების არავითარი გარანტი არ არსებობს. იგივე ითქმის ტყვარჩელსა და გუდაუთაზე. სახარბიელო მდგომარეობაში არც გაგრა და სოხუმია, თუმცა სანაპირო და წარმტაცი ბუნება ნებისმიერი მნახველისთვის მაინც შთამბეჭდავია. მიუხედავად ამისა, კრიმინოგენული სიტუაცია იმდენად საშიშია, რომ დასასვენებლად ჩასულებიც კი გარბიან. მომსახურების ხარისხიც დაბალია. ასეთ პირობებში საეჭვოა, ვინმეს გაუჩნდეს სურვილი აფხაზეთში დასვენებისა.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"