ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ დაწესებული ტარიფების გაუქმებაზე იმუშავებენ

აშშ-სა და ევროკავშირის ხელისუფლებები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ დაიწყებენ მუშაობას დაწესებული გადასახადების გაუქმებაზე.

ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჯან კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აშშ და ევროკავშირი შევთანხმდით ვიმუშავოთ ერთად, რათა მივაღწიოთ განულებულ ტარიფებს, განულებულ სავაჭრო ბარიერებს და განულებულ სუბსიდიებს სამრეწველო ნაწარმზე“, - განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირის სავაჭრო საკითხების გადასაჭრელად და არსებული ტარიფების შესაფასებლად სამუშაო ჯგუფს შექმნიან. მისი თქმით, ეს ჯგუფი ორივე მხარის სასარგებლოდ იმუშავებს. ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს ახლა, მაგრამ არ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს ის“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ევროკავშირი დათანხმდა აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდაზე.

პრეზიდენტის თქმით, ეს დღე გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, წესიერი და სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების დაწყებისთვის.

კოკა კვირკველია