პრემიერმა თანამდებობიდან 5 გუბერნატორი გაათავისუფლა

5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები.

მისივე თქმით, ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში წარადგენს ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს.

„იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით“, - განმარტა პრემიერმა.

როგორც ცნობილია, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. თანამშრომლების ინფორმაციით, ის დღეს მათ დაემშვიდობა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრემიერმა მისი გადადგომის განცხადება არ დააკმაყოფილა და ის თანამდებობაზე დატოვა.