კომპანია Facebook-ის კორპორაციულმა ანგარიშმა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ანალიტიკოსების იმედგაცრუება გამოიწვია, რის გამოც კომპანიის აქციების ფასი 20%-ით გაუფასურდა.
Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და 13,23 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა ამ მონაცემებმა არ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინები, რომლებიც 13,36-მილიარდიან შემოსავალს პროგნოზირებდნენ.
კომპანიის სუფთა შემოსავლები კი ამავე საანგარიშო პერიოდში 5,11 მილიარდამდე გაიზარდა, ერთი წლით ადრე კი ეს 3,89 მილიარდი იყო. ანალიტიკოსების მოლოდინი ამ შემხთხვევაშიც უფრო მეტი იყო.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელს 42%-ით, 13 მილიარდ დოლარამდე გაეზარდა რეკლამიდან შემოსავალი.
ანალიტიკოსებს მოლოდინი ასევე გაუცრუვდათ ქსელის მომხმარებელთა რიცხოვნობის გამოც. მათი მოლოდინი იყო 2,25 მილიარდი მომხმარებელი, თუმცა რეალურად ეს ციფრი ამ დროისთვის მხოლოდ 2,23 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს შეადგენს.
აქციებზე ფასის ვარდნის გამო Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის კაპიტალი 17 მილიარდით, 70 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა დღესაც, ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მესამე ადგილიდან ჩამოქვეითდება.
კოკა კვირკველია