ჯავახეთში ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საძირკვლის ჩაყრას მინისტრი ხათუნა გოგალაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) გერმანიის ფილიალი ახორციელებს. ცენტრის მშენებლობაზე 20 ადგილობრივი უკვე დასაქმდა, მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი კიდევ 15 ადგილობრივი დასაქმდება.

პროექტის "ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში" ფარგლებში ჯავახეთის რეგიონში ეროვნული პარკი და ხუთი აღკვეთილი შეიქმნა.

"აღსანიშნავია, რომ უკვე ცალკეული სოციალური პროექტები განხორციელდა და ასევე იგეგმება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება ქვეყნებს შორის, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც. პროექტის მთლიანი ღირებულება 2.250 000 ევროა.

WWF-ის მიერ მომზადდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მართვის გეგმის პროექტი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს დამტკიცდა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, მოხდება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მართვა მომავალი 6 წლის განმავლობაში",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.