საქართველოში ვიზიტით მყოფი 5 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 60 წარმომადგენელი ანაკლიის პორტის ტერიტორიას ეწვია.
მათ ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს, ასევე გაეცნენ უკვე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს.
საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად იმყოფებიან. მათ შეხვედრები გამართეს ანაკლიის პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან.
მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი, ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო ჯგუფებმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან პორტის მშენებლობისა და მისი განვითარების სხვადასხვა მიმართულება განიხილეს.
ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.