ელექტრონული და ჰიბრიდული ძალური დანადგარები ავტო მრეწველობაში ინტენსიურად მკვიდრდება.
ექსპერიმენტები ელექტრული ძრავებით აღჭურვილ თვითმფრინავებზეც ტარდება და გასაკვირი სულაც არაა, რომ ამ მიმართულებით განვითარებას, გემთმშენებლობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იწყებს.
ჰოლანდიური კომპანია „ტრონდჰაიმ ტრაულერსი“ ელექტრულ თევზსაჭერ გემს, „ტრონდჰაიმ 40-ს“ აგებს, რომელიც ელემენტებში დაგროვილი ენერგიით იმუშავებს, თუმცა დამატებითი ენერგიის მისაღებად, დიზელის აგრეგატებითაც აღიჭურვება.
გემის საპროექტო სიგრძე 12 მეტრია. ის კომპანია „ტორკიდოს“ ორი ელექტრო ძრავით (დიპ ბლიუ i) აღიჭურვება, რომლებიც 1 400 ბრ/წთ ბრუნვებზე იმუშავებს. მათ ელემენტების ორი ბლოკი მოემსახურება. ოღონდ, მათი ერთი სრული დამუხტვა ძრავებს მხოლოდ ექვსი საათი ამუშავებს.
თქმა არ უნდა, რომ ეს ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ სვლის დრო და სიშორე გაიზარდოს, გემი იმავე „ტორკიდოს“ წარმოების ორი დიზელ-გენერატორით აღიჭურვება, რომლებიც ცურვის დროს გამოიმუშავებენ ელექტრო ენერგიას, რომლითაც ძრავების გარდა, განმუხტულ ელემენტების ბლოკებსაც უზრუნველყოფენ.
ამ აღჭურვილობის წყალობით, „ტრონდჰაიმ 40-ს“ ცურვის გაცილებით მეტი სიშორე ექნება, ვიდრე ამავე ზომის თევზსაჭერებს, რომლებსაც საწვავის 3 500-ლიტრიანი ავზები აქვს. ელექტრულ ჰიბრიდული გემის სვლის სიშორე 4 630 კილომეტრს მიაღწევს, რაც ჩვეულებრივი გემების ცურვის სიშორეზე 30 პროცენტით მეტია.
გარდა ამისა, გემი აკუსტიკური ფარით აღიჭურვება, რაც გენერატორების ხმაურს „დაიჭერს“. მისი წყალობით, „ტრონდჰაიმ 40“ ჩვეულებრივ დიზელისძრავიან ტრაულერებზე 40 პროცენტით ჩუმი იქნება. დაბოლოს, ელექტრული აგრეგატები, მათი ელემენტების ბლოკები და დიზელ გენერატორები ნაკლებ ადგილსაც დაიკავებს და შესაბამისად, გემის ტევადობა გაიზრდება.
„ტრონდჰაიმ 40-ზე“ ექვსი მეზღვაური იმუშავებს. გემი მაღალ ტალღებს და ძლიერ ქარებს გაუძლებს. მეტალის გარსის მეშვეობით, ის წყალმარჩხ და ისეთ ყინულოვან წყლებში ცურვას შეძლებს, როგორებიც ალასკაზე და ნორვეგიის ფიორდებშია.
„ტრონდჰაიმ ტრაულერსს“ უკვე დამზადებული აქვს გემის გარსი, მაგრამ მისი აღჭურვისთვის ინვესტორი ესაჭიროება, რომელიც პროექტს სრულად დააფინანსებს.