2018 წლის ივნისში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14,455 კილოვატი შეადგინა, მაშინ როცა ამავე წლის იანვარში ეს მონაცემი 9,144 კილოვატი იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-space ავრცელებს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ამონტაჟებს.
კომპანიამ დამტენების დამონტაჟება 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და ამ დროისათვის მათი რაოდენობა 53-ს აღწევს.
ჯამში, მიმდინარე წლის 1-ელ 6 თვეში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 71,159 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 9,619 ტრანზაქცია შეადგინა.
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, 2017 წლის განმავლობაში, ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 49,481 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 6,175 ტრანზაქცია შეადგინა.
ამასთან, E-space-ს ინფორმაციით, ამ ტრანზაქციების შედეგად, 53 ტონაზე მეტი Co2 არ გავრცელდა ატმოსფეროში.