დარღვევების გამო ერთი წლის განმავლობაში 14 სალონი დაჯარიმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა.მისი თქმით, დაჯარიმებულთა შორის 10 შემთხვევა დაურეგისტრირებლობის, ხოლო 4 - ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო მოხდა. რაც შეეხება მხოლოდ 2018 წელს, უკვე მეორე სალონი დაჯარიმდა.
ცნობისთვის, თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრმა დედაქალაქში სალონების ოფიციალურ შემოწმება გასული წლის ივნისიდან დაიწყო.
როგორც ციცო დილებაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თბილისის მასშტაბით დაახლოებით,1500-მდე სალონია დარეგისტრირებული, რომელთა შემოწმების მიზნით თვეში 45-დან 50-მდე მოულოდნელი ვიზიტი ხორციელდება.
„მიმდინარე წელს უკვე ორი სალონი დაჯარიმდა. ბოლო შემთხვევა ერთი კვირის წინ იყო, ახლა მიმდინარეობს ეს საქმე სასამართლოში. რაც შეეხება გასულ წელს, 12 დაჯარიმებული იყო. სალონების დაჯარიმება ძირითადად დაურეგისტრირებლობის გამო ხდება. წელს 1 სალონი დაურეგისტრირებლობის, 1- ინფექციის კონტროლზე დაჯარიმდა. გასულ წელს კი, 9 ჯარიმა დაურეგისტრირებლობაზე, ხოლო 3 ინფექციის კონტროლზე დაიწერა.
შემოწმება ხდება მოულოდნელად. შევდივართ ისე, რომ არ ვაფრხილებთ. ჩვენ გვაქვს რაოდენობრივი გეგმა და თვეში დაახლოებით, 45-50 სალონის შემოწმება ხდება“,-აცხადებს ციცო დოლებაშვილი.
რაც შეეხება თავად შემოწმების პროცედურას, როგორც გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, პირველ რიგში ხდება ინფექციის კონტროლი და დაღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები, რის შემდეგაც გამოსასწორებლად სალონს გონივრული ვადა ეძლევა. ხოლო დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, დაწესებულება მაშინვე ჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა ინფექციის კონტროლზე 50-დან 100 ლარამდე, ხოლო დაურეგისტრირებლობაზე 500 ლარით განისაზღვრება.
„როდესაც შედიხარ სალონში, 5 შესასრულებელი მომსახურებიდან 5-ვე დარღვევით რომ სრულდებოდეს, მაშინვე არ ჯარიმდება. იქვე, შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით ვასწავლით ყველაფერს, რაც მათთვის სავალდებულოა, რომ იცოდნენ. მათ უნდა იცოდნენ ის პროტოკოლები, რომელიც მათ საქმიანობას აკონტროლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა,ზოგიერთ სალონში აცხადებენ, რომ არ იციან, არ უნახავთ, არ წაუკითხავთ, ამიტომ იძულებულები ვართ იქვე ვასწავლოთ. 2,5 საათი გვაქვს ადგილზე დაყოვნების დრო. შემდეგ ეძლევათ გამოსასწორებელი ვადა, რომელსაც თავად სალონები ირჩევენ ჩვენს ეპიდემიოლოგთან შეთანხმებით. თუ ვადის გასვლის შემდეგ, ხელმეორე შემოწმებაზე აღმოჩნდა, რომ ხარვეზები გამოუსწორებელია, მერე უკვე ჯარიმდებიან. ანუ, თუ ჯარიმა გამოიწერა ინფექციის კონტროლზე, ე.ი მას უკვე მიცემული გქონდა შენიშვნა და არ გამოასწორა. განსხვავებით დაურეგიტრირებლობისგან, ამ შემთხვევაში, სალონი მაშინვე ჯარიმდება“,-აცხადებს ციცო დოლებაშვილი.
რაც შეეხება გამოწერილი ჯარიმის შემდეგ, განმეორებით დაჯარიმების ან ლიცენზიის გაუქმების შემთხვევებს, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.