ამერიკის წარმომადგენელმა მსო-ში დენის შეამ ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის ეკონომიკას მსოფლიოში ყველაზე პროტექციონისტური უწოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, შეამ თავის გამოსვლაში პეკინის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს არაერთხელ წარმოუდგენია თავისი თავი თავისუფალი ეკონომიკის პრინციპების დამცველად, რეალურად ეს ქვეყანა ყველაზე პროტექციონისტური ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები და ის დისბალანსი, რომელიც ვაჭრობის სფეროში ამ ორ ქვეყანას შორის არის. სწორედ ამის პასუხი იყო ამერიკის მხრიდან ივნისის შუა რიცხვებში ჩინურ საქონელზე 25%-იანი გადასახადის დაწესება ჯამში 34 მილიარდის მოცულობით, პასუხად კი პეკინმა სარკისებრი პასუხი გასცა ვაშინგტონს და ანალოგიური ტარიფები დააწესა იმპორტირებულ ამერიკულ პროდუქციაზე.
ამის შემდეგ აშშ დამატებით 200 მილიარდის ოდენობის პროდუქციაზე 10%-იანი გადასახადის დაწესებით დაიმუქრა. 20 ივლისს კი ამერიკის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ტარიფების ზრდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა იმპორტირებულ ჩინურ პროდუქტზე, თუ ჩინეთი განაგრძობს საპასუხო ზომების მიღებას ამერიკის წინააღმდეგ.
კოკა კვირკველია