ქართული სამკურნალო ტკბილეული უკვე თბილისშიც იყიდება

სამკურნალო ტკბილეული „ჯანი“ უკვე თბილისში და ბათუმშიც იყიდება.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კუპრაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „ჯანი“ თბილისში მაღაზია „მხოლოდ ქართულში“ , ხოლო ბათუმში, სასტუმროებშია ხელმისაწვდომი.

მისი თქმით, პროდუქციით ჩინეთიდანაც დაინტერესდნენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტზე გასვლაც იგეგმება.

ქართული ტკბილეული „ჯანი“ ადგილობრივ ბაზარზე გასული წლის ზაფხულიდან გამოჩნდა, თუმცა ხელმისაწვდომი მხოლოდ ქუთაისის და რუსთავის მაღაზიათა ქსელებში იყო.

როგორც დავით კუპრაშვილი აცხადებს, პროდუქტი თაფლის, ნიგვზის, ქიშმიშის, გარგარისა და ქლიავის ჩირისგან მზადდება.

მისი თქმით, ტკბილეულს სასარგებლო თვისებებიც აქვს - ხელს უწყობს სისხლნაკლებობის, გულსისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას, ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ „ჯანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტეფორე დარჩაშვილია, რომელიც საქართველოში ყველაზე პატარა მეწარმედ ითვლება, ის მხოლოდ 17 წლისაა.

„ჩვენი ტკბილეული უკვე თბილისში და ბათუმშიც იყიდება. თბილისში მიცკევიჩზე, მაღაზია „მხოლოდ ქართულში“, რომელიც ჩვენი პროდუქციით კიდევ რამდენიმე მაღაზიას ამარაგებს. რაც შეეხება ბათუმს, სასტუმროებშია ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები ფაქტობრივად არ გვაქვს, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც არის. როდესაც ცნობადობა გაიზრდება, ალბათ, უფრო მოთხოვნადი გახდება“,-აცხადებს დავით კუპრაშვილი.

„ჯანის“ ტკბილეულს ამჟამად ქუთაისში, შპს „დეზი“ აწარმოებს. რაც შეეხება ნედლეულს, ნაწილი თავად მოჰყავთ, ნაწილის შეძენა კი ადგილობრივი ფერმერებისგან ხდება.

„ეს არის საოჯახო ბიზნესი, სადაც სულ 4 ადამიანი ვართ დასაქმებული. ამ ტაპზე წარმოებას თავს ვართმევთ, უახლოეს მომავალში საწარმოს გაფართოვება არ იგეგმება, ისევე როგორც პროდუქციის დამატება. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად. სულ ახლახანს ჩვენი პროდუქციით ჩინეთიდანაც დაიტერესდნენ , ვნახოთ, რა იქნება“,-აცხადებს დავით კუპრაშვილი.

„ჯანი“ ბაზარზე 220 და 350 გრამიანი ქილებით არის წარმოდგენილი და მისი ფასი დაახლოებით 8-11 ლარია.

ნინი ქეთელაური