ქართულ კომპანიებს მათ რიგებში შესაძლოა, უცხოელი გიდის გაწევრიანება აეკრძალოთ

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უცხოელი გიდების საკითხი კვლავ აქტუალური ხდება.ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ჯგუფს საქართველოზე ან ამა თუ იმ ძეგლის მნიშვნელობაზე მათივე თანამოქალაქე ესაუბრება, რაც ადგილობრივ გიდებსა და რიგით მოქალაქეებში პროტესტს იწვევს.

დღეს საქართველოში გიდის საქმიანობა შეუძლია ყველას, ვისი საქმიანობაც დარეგისტრირებული იქნება და ვინც გადასახადს გადაიხდის. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი ქართულ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, შემდეგ წევრიანდება აქ შექმნილ ასოციაციაში და გიდობის უფლებასაც უპრობლემოდ იღებს. მაგრამ არის ისეთი ფაქტებიც, როდესაც ტურისტების ჯგუფს მოჰყვება საკუთარი ქვეყნიდან ადამიანი, რომელიც მათ  გიდობას უწევს  და როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ამა თუ  იმ ძეგლის  შესახებ ზოგჯერ  დამახინჯებულ ინფორმაციას აძლევს.

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან მელაძის თქმით, სამომავლოდ ასოციაცია ეცდება, რომ ქართულმა კომპანიებმა უცხოელების რეგისტრაცია არ დაუშვან.

„ირანელი გიდი იმიტომ არის საქართველოში, რომ ის რომელიღაც ასოციაციამ გააერთიანა თავის ასოციაციაში, მისცა იმის უფლება, რომ გიდობის საქმიანობა აწარმოოს. მას აქვს ბეიჯი და ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. ჩვენი ასოციაცია ამის წინააღმდეგია. ამ შემთხვევაში გარკვეულ ზომებსაც მივიღებთ , რომ არ მოხდეს სხვა ქვეყნის გიდების გაერთიანება საქართველოში მოქმედ რომელიმე ასოციაციაში. თუ როგორ და რა მეთოდებით მოხდება ეს, შემოდგომაზე ვიმსჯელებთ როგორც გიდების ასოციაციაში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან ერთად. ასე თუ ავირიდებთ თავიდან ნაწილობრივ იმ პრობლემას, რომელსაც ზოგიერი უცხოელი გიდი ქვეყნის ისტორიის დამახინჯებით ქმნის“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ქეთევან მელაძემ.

რაც შეეხება მკაცრს რეგულაციებს, მელაძის თქმით, ეს ვერ მოხდება, რადგან საქართველო არ არის მკაცრი რეგულირების ქვეყანა და ყველაფერს ბაზარი აკონტროლებს.