„ვებპორტალის საშუალებით მოქალაქეებს ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით"

მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებპორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ, ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა, ასევე შეიქმნება გარემოსდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ეფექტურ კომუკინაციაში იქნება საზოგადოებასთან, რათა მთავრობა ეფექტური იყოს ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრაში.

“ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ეროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ, ონლაინ-რეჟმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე, გაიზრდება ჰაერის ხარისხზე მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქების მიხედვით. ამასთან, ჩემი ინიციატივა იყო, რომ შემოვიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ვგულისხმობ გარემოს დაცვის ომბუდსმენს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება იმისათვის, რომ გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადობასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში”, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა. „ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც პირველ რიგში შეეხება დედაქალქს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით, მწვანე პოლიტიკის განხორციელება მთავრობის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, რომლის მთავარი ფოკუსი გარემოს დაცვაა.