შემოსავლების სამსახურმა და საქსტატმა მემორანდუმი გააფორმეს

შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს ინფორმაციის მოთხოვნისა და გადაცემის პროცესში და ამ პროცედურას შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე არეგულირებს.

კერძოდ, საქსტატი შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო შემოსავლების სამსახური საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ასევე, მემორანდუმით გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა საჭიროების შესაბამისად.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა.