ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც თაფლს, ჩაის, ლურჯ მოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, მინერალურ ტკბილ სასმელებს აწარმოებენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და პროექტის დირექტორმა ნანა თავდუმაძემ ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული პროდუქციის წარმოებისათვის ყველა მონაწილეს „მადლობის სიგელი“ გადასცეს.
პროექტს “გურიის განვითარების კავშირი“ პროექტის „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში ახორციელებს. ფესტივალის ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამსახური.