მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული ზონები მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 382 052 ლარია.
„საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტისთვის (RDP II). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის მიზნით.
მონაწილემ საკონკურსო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი წინადადება იქნება უარყოფილი. საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 1 წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან.
აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები. სატენდერო წინადადებების წარდგენა და წინადადებების გახსნა ჩატარდება ელექტრონულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გარკვეული მოდიფიკაციებით. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ძირითადი მოდიფიკაციები შემდეგია: გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდის ფუნქციონალობა. ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება; ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის წინასწარი/სავარაუდო ღირებულება ღიაა, თუმცა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი.
ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის დადგენა არის ტენდერის მონაწილის პასუხისმგებლობა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს მიმდინარე საბაზრო ფასებზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ წარმოდგენილი სამუშაოების განფასებაზე,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.