აშშ-ს პრეზიდენტი პატივს სცემს ფედრეზერვის დამოუკიდებელ სისტემას, მაგრამ ამავდროულად ვერ დაუშვებს, რომ მისმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა Fox News -ს განუცხადა.
მანამდე კი დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვი საბაზისო პროცენტული განაკვეთის აწევის გამო გააკრიტიკა. მსგავსი ნაბიჯი პრეზიდენტის აზრით, ამერიკის ეკონომიკის ზრდის შენელებას გამოიწვევს და ზიანს მიაყენებს ქვეყნის საგარეო ვაჭრობას.
პენსის განცხადებით, თეთრ სახლში პატივს სცემენ ფედრეზერვის დამოუკიდებლობას, მათ შორის, საბანკო განაკვეთის გადაწყვეტილების გამოც. „მაგრამ ჩვენ არ გვინდა პოლიტიკა, რომელიც ანელებს არანორმალურ ძალას, რომელიც ფიქსირდება ახლა ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მაიკ პენსმა ასევე აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის როლი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. „წინა ორი ადმინისტრაციის დროს ჩვენი ეკონომიკის წლიური ზრდა 2%-ზე ნაკლები იყო, ტრამპის დროს კი სიტუაცია შეიცვალა და უკვე წელს ველოდებით 3%-იან ზრდას, ან მეტს. ტრამპის პოლიტიკა მუშაობს ეკონომიკის გამოცოცხლებაზე“ - განაცხადა პენსმა.
როგორც ცნობილია, გასულ თვეს ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საბაზისო განაკვეთი 1,75%-მდე აწია და როგორც მოსალოდნელია, ეს განაკვეთი წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ გაიზრდება.
კოკა კვირკველია