გაფრთხილება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ კლიენტებს

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ საქართველოს ბაზარს ტოვებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის განკარგულებით, ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, რაც ამავდროულად „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის“ შესახებ კანონის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომას გულისხმობს.

შესაბამისად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას იწყებს. ასანაზღაურებელი თანხების გაცემა დღეიდან იწყება და ბანკის კლიენტები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ. თანხის მისაღებად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა აუცილებელი.

„საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით, დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები – ხელმისაწვდომი პოზიტიური ნაშთი. ის დეპოზიტები, რომელზეც წვდომა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, დაყადაღებული ან სესხის უზრუნველყოფისთვის დაბლოკილი თანხები), არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დაუზღვეველი დეპოზიტების სრული ჩამონათვალი განსაზღვრულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 18).

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარით. 5 000 ლარს ზემოთ არსებული თანხა ანაზღაურდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის მიერ,“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკისთვის ივნისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 251 774,70 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა ივლისში დაფარეს.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 20 419 077 133 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 10 842 231 644 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 734 018 945 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 108 212 699 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 9 576 845 489 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 243 086 949 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 4 333 758 541 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 567 268 264 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 951 680 909 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 615 587 355 ლარის ეკვივალენტი.