კანადელი ბიზნესმენი ბახმაროში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

კანადელი ბიზნესმენი ვადიმ მალიშევი კურორტ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს და ამ მიზნით ის გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს შეხვდა.ინვესტორის კონცეფცია კურორტზე კოტეჯების აშენებას გულისხმობს, სადაც დამსვენებლებს ექნებათ ოჯახურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

„მსურს ბახმაროში ავაშენო კოტეჯის ტიპის სახლები, სადაც დამსვენებლებს მასპინძლობას ოჯახები გაუწევენ. ყველა კოტეჯში წარმოდგინილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოსი და სტუმარმასპინძლობის თავისებურებანი. ვაწარმოებ მოლაპარაკებას ეკონომიკის სამინისტროსთან უძრავი ქონების შესყიდვის შესაძლებლობებზე. გუბერნატორმა ბიზნესის დაწყების და განვითარების კუთხით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმითქვა, რისთვისაც ვუხდი მადლობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დამსვენებლებს შევთავაზო ბახმარო პირველ რიგში როგორც სამკურნალო თვისებების მატარებელი კურორტი,“-აღნიშნა ვადიმ მალიშევმა.

„სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, რომელიც ინვესტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის დახმარება მიიღოს. თუ მოხდება სახელმწიფოსა და ინვესტორის ინტერესების თანხვედრა, ვფიქრობ, ბახმაროში საინტერესო და მიმზიდველ ინვესტიციას მივიღებთ, რომელიც კურორტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს"- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.