ენერგოომბუდსმენი კომუნალური ქვითრის ხარვეზის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" რეკომენდაციით მიმართავს.

კომუნალური ქვითრის ხარვეზებთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"თანამედროვე რეალობაში ინტერნეტი ნამდვილად არის ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალება, თუმცა არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი. შეუძლებელია, ყველა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია ვებ-გვერდის მეშვეობით. ყოველივე ეს გამოიწვვეს გაუგებრობას და შესაძლოა, მომავალში მრავალი მომხმარებელი დარჩეს სათანადო სერვისების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი რეკომენდაციით მიმართავს შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", აბონენტთა ინფორმირება ინდივიდუალურად უზრუნველყოს და არ დაუშვას მიმდინარე თვეში, თუნდაც, ერთი მომხმარებლისთვის თანხის გადაუხდელობის გამო შესაბამისი მომსახურების შეწყვეტა.

ენერგოომბუდსმენის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 9 ივნისს შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მცხოვრები აბონენტების ნაწილმა, რომელსაც, როგორც წესი, 23 ივნისამდე უწევს გადასახადის დაფარვა, მიიღო ერთიანი კომუნალური ქვითარი, რომელშიც GWP-ის გრაფა, პრაქტიკულად ცარიელია. ტექნიკური ხარვეზის გამო, ქვითარში წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი და აღრიცხვის კვანძის მოწყობის (გამრიცხველიანების) საფასურის ყოველთვიური პორცია ასახული არ არის.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თხოვნით მიმართა აბონენტებს, დაუყოვნებლივ შეამოწმონ სააბონენტო ბარათზე დარიცხული გადასახადი სწრაფი გადახდის ტერმინალებში, ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით ან ბანკების ფილიალებში, იმისთვის, რომ აბონენტებმა წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოახერხონ დროულად - არაუგვიანეს 23 ივნისისა.