ავტომობილის შენახვის ხარჯი იზრდება. ამ სიმძიმეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლები იგრძნობენ, რომელთაც რეგულაციების გამო, ვალდებულებები გაეზრდებათ როგორც ტექდათვალიერების, ასევე ნებართვასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებით.მთლიანობაში, საზოგადოების დიდ ნაწილს ავტმობილის მოვლა-შენახვა გაუძვირდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საწვავის მაღალი ფასი, პარკირების ახალ სისტემაზე გადასვლა და ტექდათვალიერების გავლა მძღოლების მხრიდან გარკვეულ ხარჯს მოითხოვს, შესაბამისად, ტრანსპორტის დარგი უბრუნდება იმ დროს, როცა მანქანა ფუფუნების საგანი იყო.
ერთადერთ ალტერნატივად კერძო ავტომობილების მფლობელებისთვის მიიჩნევა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჯერ კიდევ განუვითარებელია. საქმე ისე მიდის, რომ გაძვირდება ყველაფერი, რაც მანქანასთანაა დაკავშირებული, რაც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის მარტივი არ იქნება. ასე იყო რამდენიმე წლის წინათ, 2000-იანი წლების დასაწყისში და ახლა სწორედ ამ დროში ვბრუნდებით.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი შალვა ოგბაიძე ფიქრობს, რომ მანქანის შენახვის ვალდებულება არ იქნება ტვირთი, რომელსაც მძღოლები ვერ ზიდავენ.
„ტრანსპორტის შენახვის ვალდებულება არ უნდა გახდეს ტვირთი, ეს არის მთავარი. ცხადია, რომ მანქანას ყიდულობს ადამიანი, რომელსაც ამისთვის ხარჯი გარკვეულ დონეზე გათვალისწინებული აქვს. მეორეული მანქანა რომ ავიღოთ, დაახლოებით 7-8 ათასი დოლარი მაინც ღირს და მის მფლობელს რაღაც მინიმალური თანხაც უნდა ჰქონდეს, რომ თავის დროზე შეუცვალოს მუხრუჭის ხუნდი, საბურავი და სხვა, რათა ტრანსპორტი მწყობრში ჰყავდეს.
უცვეთელი მანქანა ბუნებაში არ არსებობს, ავტომობილს, ისევე როგორც ნებისმიერ ნივთს, თავისი მოვლის რეკომენდაცია აქვს, ის მომეტებული საფრთხის საგანს წარმოადგენს და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, ავტომობილს როცა ვიძენთ, სიამოვნების გარდა, არის ვალდებულება, რაც ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს.
პარკირების გადასახადს ან გაძვირებულ საწვავს ვერანაირად დავუკავშირებ, რომ შესაძლოა, ამით მანქანა ფუფუნების საგნად იქცეს. ცხადია, თუ პარკირების ფული არ მაქვს, მანქანით იმ ადგილას არ მივალ. ეს ელემენტარულია, რასაც ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ოგბაიძემ.
სატრანსპორტო რეგულაციების არსიც ისაა, რომ ავტომობილის რაოდენობა შემცირდეს და მძღოლების ნაწილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს. ამაზე აკეთებს აქცენტს ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. ის ფიქრობს, რომ სხვანაირად უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოუდგენელია.
„ყველა ქვეყანაში, სადაც იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, არის ვალდებულებები, რომელთაც შესრულებაც მძღოლებს მოეთხოვებათ. ტექდათვალიერება, ტაქსების რეგულაცია და სხვა, უსაფრთხო ქვეყნების მიდგომაა და, ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა დაინერგოს. ვერ ვიტყვი, რო ამით მანქანა ფუფუნების საგნად იქცევა. ამისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ დონეზე უნდა განვითარდეს, რომ ადამიანს ყოველდღიურად არ უწევდეს საკუთარი ავტომბილის გამოყენება.
რეალურად ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მანქანა ფუფუნების საგანი არ გახდეს, უბრალოდ, ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა გამოიყენებოდეს. ეს ცივილური ქვეყნების მიდგომაა, სადაც საზოგადოებრივი ტანსპორტი გადაადგილების ნომერი პირველი საშუალებაა.
ჩვენთან დადის საკმაოდ მოძველებული ტრანსპორტი, რაც ავარიების ხელშემწყობი ფაქტორია. ეს იწვევს ჰაერის დაბინძურებასაც. სამწუხაროდ, არ ვითვლით ზარალს, რასაც ქვეყანა ასეთი ტრანსპორტის გამო იღებს, ჩვენ თუ შევამცირებთ მათ რაოდენობას, შედეგს გაცილებით უკეთესს მივიღებთ", - ამბობს ლალიაშვილი და აქვე ადასტურებს, რომ ეს პროცესი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის მტკივნეული იქნება.
„ზოგიერთი მოქალაქისთვის შეიძლება, ეს პროცესი მტკივნეული იყოს, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, მთავარია, გარემო ადამიანების კეითლდღოებაზე იყოს მორგებული და უსაფრთხო. ამისთვის ძველი ტრანსპორტი თანდათან უნდა შევამციროთ, ეს არის ჩვენი ხედვა. ასეც უნდა მოხდეს, რადგან ეს არის განვითარების შემდგომი ნაბიჯის გადადგმის ეტაპი, მაგრამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალებაც, რომ ჩააბარონ ძველი მანქანები, რაღაც საფასური მიიღონ და უკეთესი ტრანსპორტის შეძენა შეძლონ, თუ მათ დასჭირდებათ", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ლალიაშვილი.
სატრანსპორტო რეგულაციების იდეას მხარს უჭერს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი. ის ფიქრობს, რომ ევროპული მოდელის დანერგვა ქვეყანამ ნაადრევად დაიწყო.
„ტექდათვალიერება აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გატარებულიყო, რადგან ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოაგდოებას და ამ საკითხის გადადება, პრაქტიკუად, შეუძლებელი იყო. თანაც ისეთ თანხებზე არ არის საუბარი, რომ ვისაც მანქანა ჰყავს და ყოველდღიური საჭიროებისთვის იყენებს, მისი შენახვისთვის თანხის მობილიზება ვერ მოახდინოს.
პარკირების გადასახადს რაც შეეხება, სწორედ საათობრივი მოდელი განიხილებოდა პირველ ეტაპზეც. როცა „სითი პარკი" შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა საზოგადოებამ ამხელა ტვირთის აღება ვერ შეძლო, ევროპული პრაქტიკაა საჭიროც, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამისთვის მზად არ არის. გვიყვარს უცხოური მოდელების დანერგვა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკურობაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან პრობლემა არ შეუქმნას საზოგადოებას.
პარკირების შემთხვევაში, ჩვნ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ფასზეა საუბარი, მაგრამ აშკარაა, რომ ცვლილებების მისაღებად ჩვენი საზოგადოება მზად არ არის. ცხადია, მანქანის შენახვის ხარჯი გაიზრდება, მაგრამ არ იქნება იმ მასშტაბისა, რომ მოქალაქეების ბიუჯეტს დიდ ტვირთად დააწვეს", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ბაირახტარმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"