ბარისახოში "საუკუნის გზის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ჩვენი მთავრობის პოლიტიკური ნებაა ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც მოემსახურება დიდ საქვეყნო საქმეს - მოსახლეობის შენარჩუნებას მაღალმთიან სოფლებში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბარისახოში გამართულ "საუკუნის გზის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ხევსურეთის დაცლას მოსახლეობისგან და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებლობა მომავალი წლისთვის დაიწყება, რადგან გზის გაჭრა ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს და აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება, გარემოზე ზემოქმედების შესწავლა.

მან ასევე ისაუბრა ციხე-ქალაქ მუცოს, როგორც საქართველოს გამორჩეული ძეგლის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვალია მიხედოს და გადაარჩინოს ეს უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც დაესწრო.