თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ნაწილი ხვალ გაფიცვას გეგმავს.
როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განაცხადა, ხვალ 09:00 საათიდან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცებიან და მოითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.
„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ.
რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, - განაცხადა ვასილ ლორიამ.
მისივე ინფორმაციით, ხვალ თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გაიფიცება. „ჩვენ ვიკრიბებით დიღმის ავტოფარეხში 09:00 საათზე. სულ ქალაქში 3 ავტოფარეხი და 2 ათასი მანქანაა. ამ ეტაპზე 350 მანქანას გაუვიდა ვადა, რადგან მანქანები ეტაპობრივად შემოდიოდა“, - განაცხადა მძღოლმა ვასილ ლორიამ.