იაპონიის ბანკის გადაწყვეტილებამ იენი დაასუსტა

იაპონურმა იენმა ამერიკულ დოლართან წყვილში პოზიცია მკვეთრად დათმო მას შემდეგ, რაც იაპონიის ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.ამას ისიც დაამატა, რომ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას ახლანდელი მოცულობით შეინარჩუნებს.

იაპონიის ბანკის გადაწყვეტილებით, იენზე მოკლევადიანი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი მინუს 0.1 პროცენტის დონეზე დარჩა. იმავდროულად, იაპონიის სახელმწიფოს 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების მომგებიანობა კვლავ ნული პროცენტის ფარგლებში იქნება. იმავდროულად, ბანკმა გამოაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივ განაკვეთებს რყევის საშუალებას მისცემს და ფასიანი ქაღალდების შესყიდვებსაც, ეკონომიკის მდგომარეობის და ინფლაციის შესაბამისად განახორციელებს.

ბანკის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, იენი დოლართან წყვილში 0.2 პროცენტით გაუფასურდა, ერთი დოლარის ფასმა 111.25 იენს მიაღწია. შემდგომში ფასი 111.60-მდე ავიდა, თუმცა ამჟამად 111.44 იენის ფარგლებშია.

ბაზარი ელოდა, რომ იაპონიის ბანკი სტიმულირების პროგრამის შეკვეცისთვის მზადების დაწყების შესახებ მინიშნებებს გააკეთებდა. მაგრამ მოხდა პირიქით, რამაც წყვილის ფასის მკვეთრი მოძრაობა გამოიწვია. იაპონიის ბანკი სტიმულირების პროგრამას, რომელიც აქტივების შესყიდვაში აისახება, წლების განმავლობაში ახორციელებს.

„იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გლობალური ფასიანი ქაღალდების მომგებიანბა შეიზღუდება და რისკებისადმი აპეტიტს, ზრდის გარკვეული დერეფანი შეექმნება“, - ამბობს ING-ს ლონდონური ოფისის სავალუტო ბაზრების სტრატეგი ვირაჟ პატელი.

იაპონიის ბანკის ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობა 3-4 საბაზისო ერთეულით შემცირდა.