245,5 ათასიდან 30 მლრდ დოლარამდე - როგორ გაიზრდებოდა Amazon-ში ჯეფ ბეზოსის მშობლების ქონება 23 წელიწადში

ჯეფ ბეზოსი არ არის ერთადერთი მილიარდერი ბეზოსების ოჯახში.

1995 წელს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მის მშობლებს მის მიერ დაარსებულ კომპანია Amazon-ში თანხის ინვესტირების თხოვნით მიმართა. მათ ეს თხოვნა შეუსრულეს და ჟაკლინ და მაიკ ბეზოსებმა კომპანიაში 245,573 დოლარის ინვესტირება მოახდინეს - წერს Bloomberg.

იმ დროისთვის 70% იყო იმის ალბათობა, რომ ბეზოსი მათ თანხას უკან ვერასოდეს დაუბრუნებდა. ახლა კი როცა Amazon ახლოს არის გახდეს მსოფლიოში პირველი კომპანია, რომლის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, მისი მშობლები მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის უნდა ირიცხებოდნენ.

Bloomberg-ის კალკულაციით, ბეზოსის მშობლების ქონება ახლა 30 მილიარდს უნდა უდრიდეს, რაც მათ უფრო მდიდარს ხდის, ვიდრე Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენია, ასევე მაიკლ დელი, ილონ მასკი და სხვები.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჟაკლინ და მაიკ ბეზოსებს 1999 წლის შემდეგ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, თუ რა აქტივებს ფლობენ Amazon-ში, ამიტომ არ არის გამორიცხული, მათ საერთოდაც გაესხვისებინათ საკუთარი აქციები.

ცნობისათვის, ჯეფ ბეზოსის ძმას და დასაც აქვთ წილი ნაყიდი Amazon-ში, შესაბამისად, ისინი ამ დროისთვის რამდენიმე მილიონის აქტივების მფლობელები არიან.

კოკა კვირკველია