აკაკი ზოიძის აზრით, შრომის ინსპექციის შესაძლო სსიპ-ად გადაკეთება დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, შრომის ინსპექციის შესაძლო სსიპ-ად გადაკეთება დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება. როგორც აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯელობა ახალი კანონის ფარგლებში მოხდება.“ძირითადი ამოცანაა შრომის ინსპექციის დამოუკიდებლობა და მეორე -კორუფციის ნებისმიერი ალბათობაც რომ თავიდან ავიცილოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე მონაწილეობდეს შრომის ინსპექციის მართვასა და ზედამხედველობაში. მაგალითად, აუცილებელია, რომ შრომის ინსპექციას სამეთვალყურეო საბჭო ჰყავდეს და დამოუკიდებელი ორგანო იყოს. ეს დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს არ ნიშნავს, ეს უბრალოდ არსებული სტრუქტურის დამოუკიდებლობას ნიშნავს იგივე ხარჯების ფარგლებში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აღსანიშნავია, რომ კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” დღეიდან ამოქმედდა. შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები.