ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" გამოაქვეყნა. ასევე გამოქვეყნდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ვიდეოგანმარტებაც.კობა გვენეტაძის თქმით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და პროგნოზების შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში მიზნობრივი დონის - 3%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. გარდა ამისა, მისი თქმით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 2.2% შეადგინა, რაც ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

„წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით უახლოვდება პოტენციურ დონეს. შესაბამისად, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია. ასევე შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. შესაბამისად, 25 ივლისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყებისა და საპროცენტო განაკვეთის 0.25 პ.პ-ით, 7.0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, როგორც ამას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის გრაფიკი აჩვენებს, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლენილი დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა.

„წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში 2018 წლიდან. საშუალოვადიან პერიოდზე ხაზგასმას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც მიზნობრივი დონისგან განსხვავებული იქნება: ის შესაძლოა მიზნობრივ მაჩვენებელზე შედარებით მაღალი ან ზოგჯერ მიზნობრივზე უფრო დაბალ ნიშნულზე იყოს, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს. რომ დავაზუსტო, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში”, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას.