ამერიკული მარაგების ზრდამ ნავთობის ფასი შეამცირა

ნავთობის ფასმა დღეს კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის მარაგების ზრდა დააფიქსირა.API-ს მონაცემებით, გასულ კვირაში ნავთობის მარაგი 5.6 მილიონი ბარელით გაიზარდა. არადა, „როიტერსის“ მიერ ჩატარებული კვლევა 2.8 მილიონი ბარელით შემცირებას ვარაუდობდა.

ბრენტის მარკის ოქტომბრის ფიუჩერსებზე ფასი 0.4 პროცენტით, ბარელში 73.92  დოლარამდე შემცირდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 0.6 პროცენტით გაუფასურდა და 68.37 დოლარამდე (ბარელში) შემცირდა. დღეს მონაცემებს აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციაც (EIA) გამოაქვეყნებს.

ბაზარი ყურადღებით ელის აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობებში მოვლენათა განვითარებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის „ნებისმიერ დროს“, შეზღუდვების გარეშე შეხვედრა შესთავაზა. მოლაპარაკებათა თემა რა თქმა უნდა, ირანის ბირთვული პროგრამა და მასთან დაკავშირებული სანქციები უნდა იყოს. ტრამპის განცხადებამ გააჩინა იმის შანსი, რომ ირანულ ნავთობზე შეზღუდვები მოიხსნება, რაც გლობალურ ბაზარზე მიწოდებას გაზრდის.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირანის წინაპირობა, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისგან თავის შეკავება იქნება. ამ შეთანხმების თანახმად, ირანის წინააღმდეგ სანქციები უქმდება და სანაცვლოდ, ირანი საერთაშორისო დამკვირვებლებს, თავისი ბირთვული ობიექტების ინსპექტირების საშუალებას აძლევს.