საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში 17 საჯარო სხდომა გამართა, სადაც მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ 295 სადავო საკითხზე იმსჯელა, -ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი საკითხები მოიცავდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. დავები შეეხებოდა ხანდაზმული დავალიანებების, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების, მრიცხველის საფასურის, აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიის დადგენილებებს.
„სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 108 613 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც,“ - ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.