”ალდაგი” ორ ნაწილად იყოფა

სადაზღვევო კომპანიაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

“ალდაგი” ორ ნაწილად იყოფა: უახლოეს მომავალში ერთი კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით იმუშავებს, მეორე კი – ავტომობილებისა და ქონების დაზღვევის.

სპეციალისტთა შეფასებით, ამგვარი გაყოფა გამართლებულია, რადგან ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებათა გაყოფა მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

ამ საკითხთან დაკავშირებით bpn.ge ”ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მაია ივჩენკოს ესაუბრა.

მაია ივჩენკო: ვინაიდან კომპანიაში ორი, ძალიან მსხვილი მიმართულება ჩამოყალიბდა როგორც ჯანმრთელობის, ისე ქონების სფეროში, კომპანიამ გადაწყვიტა თავის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, უფრო ხარისხიანად და კონცენტრირებულად ვიმუშაოთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მომხმარებელს არანაირი ცვლილება არ შეეხება, პირიქით, მას უფრო პოზიტიურ და გაუმჯობესებულ გარემოში მოუწევს მომსახურების მიღება.

როგორც ივჩენკო განმარტავს, ინფორმაცია, რომ კომპანიის გაყოფა ფინანსური პრობლემებით არის გამოწვეული, სიმართლეს არ შეესაბამება. ”უბრალოდ, გადავწყვიტეთ უფრო მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ორივე მიმართულებაზე, რაც პირიქით, ჩვენი კომპანიის გაძლიერების მიმანიშნებელია”, - განაცხადა მაია ივჩენკომ.

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის სახეობების მიხედვით სპეციალიზაცია სიახლეა, ამიტომ საზოგადოების ინტერესს იწვევს, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მეთოდი და გადაიღებენ თუ არა მას სხვა კომპანიებიც.

ხათუნა ჩიგოგიძე