დიდი საინვესტიციო ჩავარდნა ენერგეტიკაში

პირველ კვარტალში ენერგეტიკისთვის ინვესტორებმა მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გაიმეტეს.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკაში მხოლოდ 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ასეთი ჩავარდნა, თუნდაც პირველ კვარტალში, ენერგეტიკულ სექტორს კარგა ხანია არ ჰქონია. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა ათობით ჰესის მშენებლობას აანონსებს. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები და წლის ბოლოს სრულიად განსხვავებული სურათი იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკისთვის ინვესტორებმა მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გაიმეტეს - 37 მილიონი დოლარით ნაკლები შარშანდელი წლის პირველ კვარტალთან შედარებით. კერძოდ, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ენერგეტიკული სექტორი ინვესტიციების მეორე ადგილზე გავიდა – 42 მილიონი დოლარით. შარშან წლიური მაჩვენებლით კი, ამ სექტორმა ყველაზე მეტი ინვესტიცია მიიღო - 198 მილიონი დოლარი. 2013 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. 2011 წლის პირველ კვარტალში კი, ამ სექტორში 40 მლნ დოლარამდე კაპიტალდაბანდება მოხდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, ამიტომ პირველ კვარტალშივე რაიმე დასკვნის გაკეთება არასწორია. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკულ სექტორში ელექტროსადგურების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლოს, ინვესტიციების შემოსვლის კუთხით სრულიად განსხვავებული სურათი იქნება.

რატომ ვერ მიიღო ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულმა დარგმა ინვესტიციები, ექსპერტებს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდათ. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი. ამიტომ მხოლოდ ერთი კვარტლის მონაცემებით ტენდენციას ვერ დავინახავთ.

”ერთი კვარტალის მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ენერგოსექტორის განვითარებაზე არ ფიქრობს. ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერის რანგში ხშირად აკეთებს აქცენტს, რომ ახალი ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. უბრალოდ, გვირჩევნია ეს თანხები იყოს მეტი და განვითარების ვექტორი მიმართული იყოს არატრადიციული ენერგიის ათვისებაზე – ქარის ენერგია, მზის ენერგია და სხვა. საქართველოს აქვთ პოტენციალი დაახლოებით 120 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოოს”, -ამბობს სოსო არჩვაძე.

ექსპერტ დემურ გიორხელიძის განცხადებით კი, ზოგადად განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციები შემცირდა და გამონაკლისი არც საქართველოა.

”არსებობს ობიექტური მიზეზები, რომელიც უკავშირდება განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების კლებას. ეს საერთო ტენდენციაა. ამიტომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ინვესტორები აკვირდებიან მთავრობის პოლიტიკას და უფრო მეტ სიცხადეს ითხოვენ. მათ სჭირდებათ მეტი გარანტიები, საკანონმდებლო დონეზე, რომ პროექტები ცალკეული მინისტრის მხარდაჭერაზე არ იყოს დამოკიდებული.

კაპიტალდაბანდება, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, მრავალწლიან პერსპექტივაზეა გათვლილი და კონკრეტული მთავრობის მეთაური ვერ იქნება ამ ინვესტიციის გარანტი, თუკი საერთო მდგომარეობა არ გამოსწორდა”, - ამბობს გიორხელიძე.

ექსპერტს არ აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის სერიოზული ინვესტიცია შემოვა, თუნდაც ენერგეტიკაში.

”საქართველოში მიმზიდველი უნდა იყოს არა ენერგეტიკის სექტორი, არამედ საერთო სამეწარმეო გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სახის ბიზნესი აკეთოს. ენერგეტიკის განვითარების ფორსირება მაინცდამაინც არაფერში გვაწყობს. ის რაც კეთდება, არ ზის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში. ჰესები, რომლის მშენებლობაც დაწყებულია, ძირითადად, ორიენტირებულია წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტზე. ენერგეტიკის განვითარება კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იყოს მიბმული და ჯერჯერობით ეს არ არსებობს”, -ამბობს დემურ გიორხელიძე.

ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ამ დროისთვის 12 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ესენია: ”ფარავანიჰესი”,- იგი თურქული ინვესტიციით შენდება და მომავალი წლის აგვისტოში უნდა დამთავრდეს. ”დარიალიჰესი” - ელექტროენერგიის წარმოება ივლისიდან უკვე უნდა დაიწყოს. ”ნაბეღლავჰესი” - მშენებლობა თურქმა ინვესტორებმა მარტში დაასრულეს. ”კირნათიჰესი” - თურქები აშენებენ და იგი ექსპლოატაციაში 2017 წლის თებერვალში შევა.

ამავე პერიოდში ამოქმედდება ”ხელვაჩაურიჰესი-1”. ”ოქროპილაურიჰესი” და ”გოგინაურიჰესი” ოქტომბრიდან შეუდგება მუშაობას. ”ლუხუნიჰესი” 2015 წლის მიწურულს შევა ექსპლუატაციაში. ასევე 2015 წელს ამოქმედდება ”არაგვი ჰესი”, - ”არაკალიჰესი”, ”აბული ჰესი” და ”შუახევი ჰესი”. ”სხალთა ჰესის” ამოქმედების ვადად კი 2020 წელია მითითებული. ელექტროსადგურების უმეტესობა თურქული ინვესტიციებით შენდება.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”