ტაქსებს, შესაძლოა, ფიქსირებული საფასურის დაწესება აუკრძალონ და მგზავრობის გადასახადი გავლილი კილომეტრების მიხედვით დადგინდეს.როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს პრობლემაა როგორც მძღოლებისთვის, რომლებმაც დამატებითი ხარჯი უნდა გასწიონ, ასევე - მგზავრებისთვისაც. "ტაქსისტები" ეცდებიან, ხელსაყრელად გამოიყენონ ახალი კანონი და შორი გზით მიიყვანონ მგზავრები დანიშნულების ადგილზე. ამან შეიძლება, მძღოლსა და კლიენტს შორის კონფლიქტიც კი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, კანონი მომხმარებლებისთვის არაკომფორტული იქნება, რადგან იგი წინასწარ ვერ შეძლებს განსაზღვროს ის თანხა, რაც მომსახურებაში უნდა გადაიხადოს. პრობლემა გაჩნდება კონკურენციის მხრივაც.
"ტაქსი 200-200"-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ ახალი ცვლილების შესახებ ინფორმაცია მათ მერიაში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. იგი მუნიციპალიტეტის მოსაზრებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაში გარკვეული დისკომფორტი შეიქმნება.
"საქართველო, ძირითადად, ფიქსირებულ ტარიფზე მუშაობს და ადამიანმა იცის, რომ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე უნდა გადაიხადოს ფიქსირებული თანხა. თუ ეს პარამეტრიც ამოვარდება და კილომეტრაჟზე იქნება ორიენტირებული, მძღოლსაც მიეცემა ლავირების საშუალება, რომ გარკვეული თანხის გამომუშავების სანაცვლოდ უფრო შორი გზით წავიდეს. ჩემი აზრით, უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი, რადგან საქართველოში კარგად მუშაობს და უნდა დარჩეს ასე. ბაზარმა ეს მეთოდი თავად დაარეგულირა", - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.
იგეგმება თუ არა ტაქსისტებისთვის ფიქსირებული ტარიფის გაუქმება? - ამ კითხვით "ბიზნეს მედიამ" თბილისის მერიას მიმართა. უწყებაში ცვლილებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ტაქსებისთვის ერთი ფერის განსაზღვრა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსით მომსახურების გაწევის აკრძალვა.
სატაქსო მომსახურების დროს ფიქსირებული ტარიფების გაუქმებამ შეიძლება უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვიოს საზოგადოებაში, რადგან მომხმარებელი, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, მოტყუებული დარჩეს. მძღოლები ეცდებიან, დანიშნულების ადგილამდე იმაზე შორი გზით მიიყვანონ მგზავრი, ვიდრე რეალურად საჭიროა. შესაძლოა, სხვა ხრიკებსაც მიმართონ, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი დაზარალდება, ამ ყველაფრის რეგულირება კი ძალიან გაუჭირდება კომპანიებს.
სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ახალი რეგულაციის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და სკეპტიკურად არის განწყობილი:
"ტაქსებზე მრიცხველები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც, მაგრამ ისინი თავად გთავაზობენ, გინდა თუ არა მრიცხველის ჩართვა და მგზავრი აკეთებს არჩევანს. საქართველოში ეს ნორმა არ ამოქმედდება მინიმუმ ერთი წელი, მაგრამ მერე რას ვთავაზობთ მომხმარებელს?
მთელი ამ ამბის დადებითი მხარე მხოლოდ ერთია: მძღოლთან ვაჭრობა არ მოგიწევს და რასაც მრიცხველი დაგიწერს, იმას გადაიხდი. მრიცხველების აღრიცხვა და კონტროლი ძალიან რთულია, როდის ჩაირთვება და როდის გამოირთვება, ვერასდროს გაიგებ. შესაძლოა, გრძელი გზით გატაროს მძღოლმა და იმაზე ორჯერ მეტი გადაიხადო, ვიდრე რეალურად მოგიწევდა.
მე პირადად არ ვარ ამგვარი რეგულაციების მომხრე და სკეპტიკურად ვუყურებ ყველაფერს. მგაზვრს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა მრიცხველის მომსახურება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მესხიშვილმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ სანამ ამ რეგულაციას შემოიღებენ, მთავრობაში მოუწევთ მოიფიქრონ, თუ როგორ გააკონტროლებენ მძღოლებს ისე, რომ მგზავრები არ დაზარალდნენ. ეს რთული მექანიზმია და მარტივი არ იქნება გამოსავლის პოვნა.
თეო გუდავაძე
გაზეთი "რეზონანსი"