ISET - „ბიზნესის განწყობის ინდექსი“ 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 8.3 პუნქტით აღემატება.

კვლევის თანახმად, გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა) ეხმიანება.

„ბიზნესის განწყობის ინდექსის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც მაღალი მოლოდინებით, ისე გასული სამი თვის განმავლობაში წარმატებული საქმიანობით. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესება ფიქსირდება თითქმის ყველა სექტორში. მრეწველობის სექტორმა ყველაზე დადებითად შეაფასა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე პესიმისტურად არის განწობილი, რაც აღნიშნული დარგის სეზონურობით შეიძლება იყოს გამოწვეული,“-აღნიშნულია კვლევაში.

„აისეტის“ ცნობით, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, 2018 წლის მეორე კვარტალში 6.5 პუნქტით არის გაზრდილი.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის ოპტიმიზმი, რომელმაც თავის ისტორიულ მაქსიმუმს 67.0 დონეზე მიაღწია. მრეწველობის სექტორთან ერთად, საცალო ვაჭრობამ და საფინანსო სექტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის გაზრდილ ოპტიმიზმში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით გაზრდილია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მშენებლობის სექტორი მომდევნო კვარტალში ფასების ზრდას მოელის, რაც მშენებლობის სექტორში დამატებით რეგულაციებთან არის დაკავშირებული.

კვლევის თანახმად, დიდი ზომის ბიზნესებთან შედარებით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ხასიათდება შედარებით მცირე ოპტიმიზმითა და სუსტი მიმდინარე მდგომარეობით. შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის 4.5 პუნქტით შემცირდა.

ბიზნესის ზომის მიუხედავად, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.

„აისეტის“ ცნობით, კვლევაში 75 დიდი და 161 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა.