თბილისში ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა იზრდება -  წელს გაცემული ნებართვების 76% კერძო სახლებზე მოდის (+ინფოგრაფიკა)

2018 წელს დედაქალაქში გაცემული ახალი სამშენებლო ნებართვების 76% ინდივიდუალურ (კერძო) სახლებზე მოდის. ამაზე მიუთითებს დედაქალაქის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკა.

2018 წელს 970 ახალი ნებართვიდან 746 სწორედ კერძო სახლების მშენებლობაზე გაიცა.

თბილისში ბოლო წლებში ინდივიდუალურ სახლებზე მოთხოვნა იზრდება. 2015 წელს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის 1 017 ახალი ნებართვა გაიცა, 2016 წელს - 1 077, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 1 183-მდე გაიზარდა. რაც შეეხება 2018 წლის 2 კვარტალს, 6 თვეში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 746 ახალი ნებართვა გასცა. მთლიანად 2 კვარტალში ყველა კლასის და ფუნქციის ახალ მშენებლობაზე 970 ნებართვა გასცა, საიდანაც მხოლოდ 66 იყო მრავალბინიანი.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ყველა კლასის და ფუნქციის ახალ მშენებლობაზე 1 664 ნებართვა გასცა; 2016 წელს - 1 731 ნებართვა; 2017 წელს - 1 755 ნებართვა; 2018 წლის 2 კვარტალში კი 970 ნებართვა გასცა.

რაც შეეხება კონკრეტულად ინდივიდუალურ და მრავალბინიან შენობებს, არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით გაცემულ ნებართვებში ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების წილი ბევრად აღემატება მრავალბინიანი შენობების რაოდენობას და თანაც, ეს წლების განმავლობაში უკვე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. 2015 წელს მერიის არქიტექტურის სამსახურმა ახალი ინდივიდუალური სახლის მშენებლობაზე 1 017 ნებართვა გასცა, მრავალბინიანზე - 215; 2016 წელს ინდივიდუალურ სახლებზე გაიცა 1 077 ნებართვა, კორპუსებზე - 237; 2017 წელს ინდივიდუალურ სახლზე გაიცა 1 183 ნებართვა, მრავალბინიანზე - 197. 2018 წლის 2 კვარტალში კი მერიის არქიტექტურის სამსახურმა ახალი ინდივიდუალური სახლის მშენებლობაზე გასცა 746 ნებართვა, მრავალბინიანზე კი მხოლოდ 66.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ინდივიდუალური სახლებისადმი ინტერესის ზრდას მიესალმება და აცხადებს, რომ ამით საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას ფაქტობრივად, ფეხდაფეხ მიჰყვება.

„საერთოდ უმრავლესობას ურჩევნია, რომ საკუთარი სახლი პატარა ეზოთი ჰქონდეს. ამას ემატება ისიც, რომ დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე შესაძლოა, გარეუბანში სახლის აშენება უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია. როდესაც ქალაქები ვითარდება, ხალხი ცდილობს, გარეუბნებში გავიდეს და საკუთარი მიწის ნაკვეთი იყიდოს, რომ სახლი აიშენოს, რომელსაც პატარა ეზო მაინც ექნება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც უკეთესისკენაა სწრაფვა. ხალხი გაურბის საცობებს, ხმაურს, ეკოლოგიურ პრობლემებს.

მაგალითისთვის, ქალქის ცენტში ბინა რომ იყოდო, თუ პირობითად, კვადრატული დაგიჯდება 1000 დოლარი, გარეუბანში ნაკვეთს იყიდი კვადრატულს 30 დოლარად და სახლს აიშენებ კვადრატულს 200 დოლარად. ამას ემატება ისიც, რომ საკუთარი ეზოც გექნება, მოკლედ, ინდივიდუალურ სახლს ბევრი უპირატესობა აქვს“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

bpn

ელზა წიკლაური

ნინი ქეთელაური