სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 4600 ღერი სიგარეტი და სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელი (38,1 ლიტრი) აღმოაჩინეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.