2018 წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2352 მ3-მდე ხე-ტყე.
Allnews.ge დაინტერესდა, რა მიიჩნევა ტყის უკანონო ჩეხვად და როგორ უნდა მოიპოვოს პირმა ტყეში ხის მოჭრის უფლება. ასევე რა შემთხვევაში აქვს ან არ აქვს ფიზიკურ ან იურიდულ პირს საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ხის მოჭრის უფლება.
როგორ მოვიპოვოთ ხის მოჭრის უფლება?
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყეში ხის მოჭრა ნებართვის გარეშე დაუშვებელია. საქართველოს ტყის კოდექსში ვკითხულობთ, რომ ფიზიკური პირების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, საშეშე მერქანზე ხე-ტყის დამზადება ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ბილეთის საფუძველზე ხორციელდება.
ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სახელობით გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხე-ტყის დამზადების უფლებას. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში allnews.ge-ს განუმარტეს სოციალური ჭრის, ანუ საშეშე მერქნის მოპოვების ნებართვის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
როგორია საშეშე მერქნის ღირებულება?
რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, როგორც სატყეო სააგენტოში განაცხადეს, მომსახურების საფასური შეადგენს 3 ლარს, ხოლო მოსაკრებელი განსხვავდება ხის ჯიშის მიხედვით და შეადგენს 1 კუბური მეტრის მოცულობის შეშაზე 2-დან 3 ლარამდე.
საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით, ხე-ტყის დამზადების ბილეთში მოცემულ ვადებში და მოცულობით რესურსის აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. კითხვის გაგრძელება